დევიდ ფინჩერი 2014 წლის შემდეგ პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს გადაიღებს, რომელიც მოქალაქე კეინის სცენარისტ ჰერმან მანკივიჩზე იქნება, მის როლს კი გარი ოლდმენი ითამაშებს.

ფილმის სახელი Mank იქნება და რეჟისორის მამის, ჯეკ ფინჩერის სცენარის მიხედვით გადაიღებენ, რომელიც გარდაცვალებამდე 2003 წელს დაწერა.

ამ ეტაპზე სიუჟეტის დეტალები უცნობია, თუმცა როგორც წყაროები ამბობენ ფილმი მოქალაქე კეინის სცენარის განვითარების თანმდევ პროცესებზე მოგვიყვება. ამ სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმი კი მომავალში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად შეფასდება, ორსონ უელსი კი ერთ-ერთ საუკეთესო რეჟისორად. აღიარების და წარმატების მიუხედავად, მოქალაქე კეინმა ოსკარი მხოლოდ სცენარისთვის მიიღო.

ფინჩერი შავ-თეთრი ფილმის გადაღებას აპირებს, რომლის წარმოებაც 2019 წლის ნოემბერში დაიწყება. რეჟისორს 2014 წელს გამოსული Gone Girl-ის შემდეგ სრულმეტრაჟიანი ფილმი არ გადაუღია. ბოლო პერიოდის განმავლობაში ის ნეტფლიქსთან თანამშრომლობდა, რომლისთვისაც House of Cards-ის ორი ეპიზოდი და Mindhunter გადაიღო, ხოლო Love, Death & Robots-ის აღმასრულებელი პროდიუსერი იყო.