ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პორტის პროექტის ფინანსური დახურვის ვადა 2019 წლის ბოლომდე, ანუ 6 თვით გაუხანგრძლივდება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ამ მოვლენებს წინ უსწრებდა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოსთან. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ბოლომდე მიიყვანს ანაკლიის პორტის პროექტს.

ამავე დღეს, პრემიერმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, რომ კონსორციუმს მთავრობა ვალდებულებებს გადაუვადებდა. პრემიერის თქმით, გაგრძელდება დიალოგი და კომუნიკაცია, რათა კონსორციუმმა შეძლოს ვალდებულებების შესრულება.

რამდენიმე დღის წინ ფინანთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ანაკლიის კონსირციუმთან მოლაპარაკებებზე რვა პუნქტიდან შვიდზე თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას. მინისტრმა აღნიშნა, რომ "აბსოლუტურად არ იყვნენ ვალდებული" ამ პირობებს დათანხმდებოდნენ. მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ერთადერთ პრობლემად კომერციული რისკები რჩება, რომელზეც პასუხისმგებლობა სახელმწიფოს არ ეკისრება.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი ამბობდა, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ხელისუფლებაში, ისე მის ფარგლებს გარეთ არის ძალები, რომლებიც ანაკლიის პორტის პროექტს ებრძვიან. მისივე განმარტებით, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ფოთის ნავსადგურის მშენებლობაზე ნებართვა 2 მაისს გაიცა და ამდენი ხნის მანძილზე დაფარული იყო.

კონსორციუმში განაცხადეს, რომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მთავრობამ არაფერი შეატყობინა და ამის შესახებ მედიიდან გაიგეს. მათი თქმით, ნებართვა ეკონომიკის სამინისტრომ 2 მაისს ეიპიემ ტერმინალსის შვილობილი კომპანიის, სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის სასარგებლოდ გასცა. მათივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა ფაქტის "დამალვასთან" დაკავშირებით მწვავე შეფასებები გამოთქვეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, რეაქციები არაადეკვატური იყო. მან აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტს აზიანებს ის აჟიოტაჟი, რაც ინვესტორმა ატეხა და "რეაქცია აშკარად გადაჭარბებულია".

ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი 30 მაისს გაუქმდა.