ირლანდიურმა კომპანია Paddy Power Betfair-მა აზარტული თამაშების კომპანია adjarabet-ის 51%-იანი წილი 115,4 მილიონ ევროდ იყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Business Irish ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს წილების შემსყიდველ კომპანიას იმედი აქვს, რომ დანარჩენ 49%-ს მომავალი სამი წილს განმავლობაში შეისყიდის.

Paddy Power Betfair-ის გენერალური დირექტორის, პიტერ ჯექსონის თქმით, აჭარაბეთის წილების შესყიდვა მიმზიდველ ონლაინ-ბაზარზე მყარი პოზიციის შექმნის სტრატეგიას სრულად ესადაგება.

წილების გაყიდვასთან დაკავშირებით On.ge-ს ინფორმაცია adjarabet-შიც დაუდასტურეს. რეესტრში ცვლილება ჯერ ასახული არაა.

PPB ჯგუფი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომელიც წამყვან პოზიციებზეა ბრიტანეთში, ირლანდიაში, ავსტრალიასა და აშშ-ში. ჯგუფის წლიური შემოსავალი 1,8 მილიარდ ფუნტს შეადგენს. კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში შედის და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 5 მილიარდი ფუნტია.